სამეგრელო
დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეულ ტერიტორიას მოიცავს. მისი ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. სამეგრელოს რეგიონს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რის გამოც რომაელების, ბიზანტიელების, მონღოლების, თურქების, სპარსელების, რუსებისა და სხვათა არმიების არაერთი შემოსევის ობიექტი გახდა. ეს მხარე მდიდარია სხვადასხვა ეპოქის კულტურის ძეგლებითა და შთამბეჭდავი ბუნებით, ცისკიდურთან, ჭინკების სამეფოში მოლივლივე ლურჯი ტბებითა თუ ულამაზესი კანიონებით. ანტიკურ ხანაში სამეგრელო კოლხეთის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. კოლხეთი მთლიანად მოიცავდა დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას. თანამედროვე ეპოქამდე ამ რეგიონს ლაზიკის და ეგრისის სახელწოდებებითაც იცნობდნენ, მისი პოლიტიკური ცენტრი არქეოპოლისი (ან ნოქალაქევი) იყო. სწორედ ნოქალაქევს უკავშირდება არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითი.
განსხვავებული და მრავალფეროვანია სამეგრელოს ბუნება და ჰავა, სუბტროპიკული ზონის შავი ზღვის კურორტებიდან რამდენიმე საათში შეგიძლია მოხვდე მთის მწვერვალების ალპურ ზონაში.
კოლხეთის ზურმუხტოვანი ბარი და სამეგრელოს მარადმწვანე მთები, კონტრასტული ლანდშაფტებით მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.