სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი – ძველი მესხეთის ნაწილი, მხარე, საიდანაც იწყება საქართველოს კულტურული განვითარება, მხარე, საიდანაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. უძველესი წარსულისა და უმდიდრესი ისტორიის მქონე მხარე, რომელიც დღესაც აოცებს მნახველს კონტრასტული ბუნებრივი პირობებით, ულამაზესი ლანდშაფტით, კამკამა ჰაერით, მრავალფეროვანი მცენარეული საფარით, სამკურნალო წყლებით, უძველესი ეკლესია-მონასტრებითა და ციხესიმაგრეებით.
სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი არაერთ საიდუმლოს ინახავს. არქეოლოგიური გათხრების დროს ამ ტერიტორიაზე უამრავი ადრეანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი აღმოაჩინეს. მათ გვერდით ნახავთ უზარმაზარი ლოდებისგან მშრალად ნაგებ ციხეებსა და ნამოსახლარებს, გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს.
სამცხე-ჯავახეთი უნიკალურია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლებით, არამედ გამორჩეული კლიმატური პირობებით, სუფთა ჰაერითა და სამკურნალო წყლებითაც. ამ სიტყვების დასტურად ისიც იკმარებს, რომ სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებენ მსოფლიოში ცნობილ მინერალურ წყალს – ბორჯომს.
ასევე, სამცხე-ჯავახეთის კურორტებზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ, თუ აბასთუმანიც არ ვახსენეთ. აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს. მისი ტერიტორია თითქმის მთლიანადაა დაფარული ფიჭვნარით, რომელიც ყვავილობის დროს ფილტვებისა და ბრონქების უებარი სამკურნალო საშუალებაა.
საყოველთაოდაა აღირებული აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც. მათ იყენებენ რევმატული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ქრონიკული წყლულის დროს.
დაბოლოს, უნიკალური, ყოველი ქართველისთვის საამაყო კლდეში ნაკვეთი ქალაქი – ვარძია მოვინახულოთ. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი.
თუმცა ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია, ასე რომ, ჩაალაგეთ ზურგჩანთა და ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ სამცხე-ჯავახეთის უხილავი მარგალიტები სადაც მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით.